სტატია
ეწერფერდელები ხვალ მესტიისკენ მიმავალ გზას გადაკეტავენ - ჩააგდო თუ არა საკრებულომ რეაბილიტაციის პროექტი (ფოტო)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეს ეწერეფერდის თემის მოსახლეობა სოფლის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას ითხოვს. შესაბამისი თხოვნით, როგორც სოფლის მაცხოვრებელი დათა აქუბარდია განმარტავს, მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებს არაერთხელ მიმართეს, მათ შორის მაშინ, როცა წალენჯიხის მერიას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა ხელმძღვანელობდა. აქუბარდია ამბობს, რომ მათ თხოვნას შედეგი არცერთხელ მოუტანია.

„გზები არის საშინელ მდგომარეობაში. რამდენჯერ შევხვდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. ახლა გაიტანა მერიამ საკრებულოზე და ჩააგდეს პროექტი. გზები ისეთ მდგომარეობაშია, რომ ტრანპორტითაც და ფეხითაც გადაადგილება რთულია, მით უმეტეს, წვიმიან ამინდში, სასწრაფოებსაც უჭირთ დროულად მოსვლა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ აქუბარდიამ.

დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ წალენჯიხის საკრებულოს პროექტი მერიამ 19 მაისს წარუდგინა, თუმცა აქვე ვკითხულობთ, რომ საკრებულომ დოკუმენტი დაახარვეზა.

რატომ არ მოიწონა პროექტი წალენჯიხის წარმომადგენლობითმა ორგანომ, ვკითხეთ საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალიას. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ამბობს, რომ დოკომენტზე თანხა არ იყო დატანილი, ამიტომაც საკრებულომ  მერიას დაუბრუნა, თუმცა, მოგვიანებით, მერიამ პროექტი აღარ წარადგინა სხდომაზე.

„მერია აბრალებს ახლა საკრებულოს. თანხა არ იყო დატანილი და დავახარვეზეთ. ახლა, როცა სხვა პროექტები შემოიტანეს, რომელიც მგფ-მა (მუნიციპალური განვითარების ფონდი) უნდა დააფინანსოს, ეწერფერდი გზის საკითხი აღარ იყო. შემოიტანონ ხარვეზების გარეშე და რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ“, - აღნიშნა სალიამ.

პროექტი რომ სრულყოფილი იყო და თანხაც იყო მითითებული, ამტკიცებს წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია. ის ამბობს, რომ პირადად შეხვდა ადგილობრივებს და მათ დახმარებას დაჰპირდა, რადგან თავად ნახა მათი მძიმე პირობები, მათ შორის, უგზოობა.

„რატომ არ დაუჭირეს პროექტს მხარი, არ ვიცი. გაუგებარია და ეს ნებისმიერი იმ დეპუტატის ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა. მე ამ პრობლემის მქონე ადამიანებს ლობისტობას დავპირდი და ვიმუშავეთ კიდეც ამ საკითხე. დოკუმენტს თან ახლავს ყველა აუცილებელი დანართი, არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა“, - თქვა ბელქანიამ. 


აღნიშნულ ფოტოზე ჩანს, რომ დასკვნის გაცემის თარიღი 31 ივლისია.

სანამ წალენჯიხის მერია და საკრებულო ეწერფერდში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის პროექტის საკითხს ერთმანეთში არკვევენ, ადგილობრივებმა აქცია დაანონსეს. ხვალ ისინი ჯვარი-მესტიის ცენტრალურ საავტომობილო გზას გადაკეტავენ და ხელისუფლებასთან შეხვედრას მოითხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი გზის გახსნას არ აპირებენ.

Print