სტატია
ზუგდიდელი ემიგრანტი ისრაელში - საქართველოს ოფიციალურ განცხადებამდე ვრჩებით იქ, სადაც ვართ
შაბათს, დილის 7 საათზე გამაღვიძა სირენის ხმამ, თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა - იხსენებს 7 ოქტომბრის დილას ზუგდიდელი გიორგი ჩიქოვანი, რომელიც ისრაელში იანვარში ჩავიდა და თვეებია, ემიგრანტია.

გიორგი თელ-ავივში ცხოვრობს და მუშაობს. გვიყვება, რომ მასშტაბური ომის დაწყება მისთვისაც, როგორც ადგილობრივებისთვის, მოულოდნელი იყო.

"როცა სარაკეტო იერიშის მოლოდინი იყო, წინა დღეს გვაფრთხილებდნენ ხოლმე, რომ თავი აგვერიდებინა ღია სივრცეში, ქუჩაში, ტრანსპორტში ყოფნისგან. თავს ვაფარებდით ხოლმე თავშესაფრებსა და დაცულ ადგილებს. ახლა ასე არ ყოფილა", - ეუბნება რადიო "ათინათს" ზუგდიდელი ემიგრანტი.


გიორგი ამბობს, რომ თელ-ავივში სტაბილური ვითარებაა. მუშაობდა გუშინ და დღესაც.

"აქ შედარებით სტაბილური სიტუაციაა, რადგან ბრძოლები მიმდინარეობს ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში, ჩვენ ვართ ცენტრალურ ნაწილში. დაძაბულობა შეინიშნება, თუმცა აქ კრიტიკული ვითარება არაა, არ შეფერხებულა არც სამსახური, არც საზოგადოებრივი ტრანპორტი გაჩერებულა, გადაადგილდებიან ჩვეულებრივ მსუბუქი ავტომობილებიც", - აღგვიწერს ვითარებას ჩვენი რესპონდენტი. 

გიორგის ყოველდღიური კონტაქტი აქვს სხვა ზუგდიდელ ემიგრანტებთან. დასძენს, რომ საელჩოსთან დაკავშირება, ჯერჯერობით, არ უცდია არც მას და არც მასთან ახლოს მყოფ ზუგდიდელებს, რადგან ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ დამდგარა. ოჯახს ომში მყოფი ქვეყნიდან ამხნევებს და დარწმუნებულია, რომ მშვიდობა ისრაელის გამარჯვებასთან ერთად მალე დაბრუნდება.

"მოქმედებს ცხელი ხაზი, მაგრამ ჯერ არ დაგვჭირვებია მსგავსი კონტაქტი. აქ ბევრი ჩვენი თანაქალაქელი და თანამემამულეა. არის სურვილი სახლში დაბრუნების, თუმცა ველოდებით ოფიციალურ უწყებებს, განცხადებას ევაკუაციის შესახებ, მანამდე ვრჩებით იქ, სადაც ვართ. ჩემი "მესენჯერი" და "ვოთსაფი" არ გაჩერებულა. ვგრძნობ ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების თანადგომას და ეს მაძლევს სტიმულს. მჯერა, მალე ამ ომში ისრაელი გაიმარჯვებს თავისი ძლიერი არმიით, მჯერა ამ სახელმწიფოსი. მშვიდობა ისრაელს", - ასე ასრულებს ჩვენთან საუბარს გიორგი ჩიქოვანი.


7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ "ჰამასმა" მასირებული სარაკეტო შეტევა დაიწყო ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელმა თავდასხმას ქვეყნის სამხრეთით საპასუხო დარტყმით უპასუხა. 8 ოქტომბერს კი საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა.


ბოლო მონაცემებით, თავდასხმის მესამე დღეს ომის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე 700 ებრაელი, დაჭრილია 2 ათასამდე ადამიანი. "ჰამასმა" გაიტაცა ასზე მეტი ისრაელის მოქალაქე.

რაც შეეხება ღაზის სექტორს, აქ დაღუპულია, სულ მცირე, 500 პალესტინელი, დაჭრილია 2300 ადამიანი.









Print