სტატია
სარაქონში მდინარის მიმდებარედ მეწყრული პროცესები ვითარდება - 7 ოჯახი დახმარებას ითხოვს (ფოტო)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ სარაქონში, საფარულუოს უბანში მცხოვრები შვიდი ოჯახი ყოველი წვიმის დროს შიშობს, რომ მათ საკარმიდამო ნაკვეთებსა და ეზოებს წყალი წაიღებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მცირე ნალექის დროსაც კი მათ გარშემო მიწა იშლება და მეწყრული პროცესები ვითარდება. მათი სახლების მიმდებარედ მდინარე ჭანისწყალი ჩამოდის, რომელიც ადიდების შემდეგ კალაპოტიდან გადმოდის და ისედაც საფრთხის შემცველ ზონას კიდევ უფრო საშიშს ხდის.

წლებია, პრობლემას უყურებს ანზორ ფარულავა.

„აქ თუ ძლიერ იწვიმა და მდინარე კალაპოტიდანც გადმოვიდა, მეწყერი ჩამოწვება და მთელს სოფელს, პირველ რიგში კი, ჩვენს სახლებს მნიშვნელოვნად დააზიანებს. ჩვენი ეზოები სულ იტბორება და ნელ-ნელა ბოსტნები, ნარგავები, ეზოს ნაწილი წყალს მიაქვს. მალე, ალბათ, სახლებამდე მოაღწევს. მიწის მოწყვეტის შემთხვევაში კი კალაპოტი მდინარეს ვერ შეაჩერებს და მოსახლეობა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგება. უკვე ძალიან საშიში ხდება აქ ცხოვრება. ჯერჯერობით, არ არის ადამიანური ზარალი, თუმცა, შიშში ვცხოვრობთ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ფარულავამ.

მის მეზობლად ამავე მდგომარეობაში მყოფი კიდევ 6 ოჯახი ცხოვრობს, მათგან ორ სახლში მცირეწლოვნებიც არიან. ჩვენმა რესპონდენტმა გვითხრა, რომ დახმარების თხოვნით ჩხოროწყუს მერიას მიმართეს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა. ისინი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, პირველ რიგში კი, დამბის მოწყობას ითხოვენ. 

რადიო „ათინათი“
ადგილობრივების პრობლემასთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს თეიმურაზ მალანიას ესაუბრა. მან დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა მცხოვრებმა მერიას განცხადებით საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შუამდგომლობა სთხოვა, თუმცა, მალანია დასძენს, რომ აღნიშნულ უწყებას საკითხი არ ეხება. ის ადგილობრივებს ხელახალი განცხადების დაწერისკენ მოუწოდებს.

„როდესაც მეწყერია და არსებობს საშიშროება, უნდა მიმართონ განცხადებით და ფოტოებით სოფლის რწმუნებულს, ითხოვონ გეოლოგების მოწვევა, ამის შემდეგ რწმუნებული შემოვა ჩვენთნ განცხადებით ,რომ საჭიროებს გეოლოგების ჩამოსვლას და დასკვნის დადებას. გეოლოგები შეისწავლიან, არის თუ არა მეწყრული ტერიტორია და შემდეგ რა დასკვნასაც დადებენ, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ამ დროისთვის ამ კონკრტულ უბანში საფრთხის დონე დაბალია“, - თქვა მალანიამ.

მანამ, სანამ ბიუროკრატიული პროცედურები მოგვარდება, სარაქონის ე.წ. საფარულუოს უბანში მაცხოვრებლები მომდევნო წვიმის მოლოდინში საფრთხის შემცველ სახლებში რჩებიან.


Print