სტატია
რატომ ჩავარდა წალენჯიხის საკრებულოში ბიუჯეტის ცვლილების პროექტი - ადგილობრივი პოლიტიკოსების გამოხმაურება
25 იანვარს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მერიის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის ცვლილების პროექტი 13 ხმით 9-ის წინააღმდეგ, არ დამტკიცდა. ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა მხარი არ დაუჭირეს მის პირვანდელ ვერსიას.

მერიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქმე ეხება 2023 წლის ბოლოსთვის მუნიციპალიტეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების ასახვას, მათ შორის, გარდამავალი ვალდებულებების, თავისუფალი და სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერების ნაშთებს, რაც ჯამში 2 565 686 ლარს შეადგენს. 

საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია რადიო "ათინათთან" ამბობს, რომ გუშინდელმა გადაწყვეტილებამ დააზარალა სხვადასხვა სფერო, მათ შორის კი არიან მეწარმეები და სკოლის ავტობუსების მძღოლები.

"ოცნების მხრიდან არანაირი საწინააღმდეგო არგუმენტი არ ყოფილა დასახელებული. 31 რიცხვში, ჩვენ ჩვეულებრივ სხდომაზე ვაპირებთ ხელახლა გავიტანოთ ბიუჯეტის ცვლილების პროექტი და ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად მაინც დაუჭერს მხარს "ოცნება", - აღნიშნა მან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის თემურ ქარდავას ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას ერთი ხმა დააკლდა, რადგან პარტიიდან ერთი პირი არ ესწრებოდა სხდომას.

"მე მივმართავ "ოცნების" დეპუტატებს, რომ ეს არ ეხება პოლიტიკას, ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის, რაიონისთვისა და მათ შორის, ოცნების ამომრჩევლებისთვისაც სასიკეთო ნაბიჯი. ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნით საფრთხე ექმნება საბავშვო ბაღების შეშით მომარაგებას და სხვადასხვა სოციალურ პროგრამას. 31 იანვარს, "ქართული ოცნებიდან" ალბათ ისევ არ დაგვიჭერენ ხმას, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ შევძლებთ ბარიერის გადალახვას", - აღნიშნა ქარდავამ.

თავის მხრივ, ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მოწინააღმდეგე დეპუტატი ბესიკ ფარცვანია ამბობს, რომ დოკუმენტში მითითებული თავისუფალი ნაშთი პრიორიტეტების მიხედვით, არასწორად იყო განაწილებული და ამან განაპირობა მათი განსხვავებული პოზიცია.

"იყო რამდენიმე განცხადება შემოსული, რომელშიც ადამიანები ამბობდნენ, რომ გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. საკრებულო კომისიამ კი მიიჩნია პრიორიტეტულად იმ პრობლემის გადაწყვეტა, რომელზეც იყო განცხადებები შემოსული, თუმცა  ეს პროექტები არ იყო გათვალისწინებული ამ თანხებში და ამიტომ არ დავუჭირე მხარი", - თქვა ფარცვანიამ.

წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ განმარტა, რომ ბიუჯეტის ცვლილების არმიღების შედეგად ვერ დაფინანსდება ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური მიმართულებები, როგორიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის გათბობით (შეშით) უზრუნველყოფა.

მისივე თქმით, ზიანდება მოსახლეობისა და სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურება, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვის ფულადი დახმარების გაცემა.

"მომავალ სხდომაზე, ალბათ, უფრო გაიაზრებს "ქართული ოცნება", რომ ბიუჯეტში ასახულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვალდებულებები და მოერგებიან ხალხის საჭიროებებს. წალენჯიხის კოალიცია წარმოადგენს ხალხის არჩევანს. ჩემი აზრით, ისინი მიხვდებიან, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ მიდიან და არგუმენტების წარმოდგენით მისცემენ ბიუჯეტის დამატებას ხმას", - თქვა ბელქანიამ.

როგორც რესპონდენტები ამბობენ, 31 იანვარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩანიშნულია სხდომა, სადაც, სავარაუდოდ, ხელმეორედ წარადგენენ ბიუჯეტის ცვლილების პროექტს და იმედოვნებენ, რომ ამჯერად მიიღწევა კონსენსუსი.




ფოტო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

Print