სტატია
ანტიკორუფციული ბიურო სამეგრელო-ზემო სვანეთის თანამდებობის პირების დეკლარაციებს შეამოწმებს

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ 2024 წლის 12 იანვარს შედგენილი ოქმის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში შესამოწმებელ თანამდებობის პირთა დეკლარაციებში მოხვდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის

მერი. სიაში არიან ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მესტიის, სენაკისა და ფოთის მერები.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, კომისიამ იმსჯელა იმ პირთა სიაზე, რომლებიც "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონის თანახმად, მაღალი თანამდებობის პირები არიან. ამავე ოქმის მიხედვით, მათ მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და კორუფციის მაღალი რისკი.
რადიო "ათინათი" დაინტერესდა ანტიკორუფციული ბიუროს სიით და სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ეცადა გაერკვია, თუ რა სახის ხარვეზებია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ქონებრივ დეკლარაციებში, აკმაყოფილებენ თუ არა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებს კორუფციის წინააღმდეგ და რატომ ჩნდება მათ მიმართ საზოგადოებაში შეკითხვები.

ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ თქვა, რომ ეს ჩვეულებრივი შერჩევითი პროცესია და მიესალმება, რომ სახელმწიფო კორუფციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

"ეს მიღებული პრაქტიკაა ყველგან, მით უფრო, როდესაც ადამიანი ერთსა და იმავე თანამდებობაზე არის დიდი ხნის მანძილზე. მე ღია ვარ და ამასთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ მაქვს", - აღნიშნა გოგუამ.

მასთან დაახლოებული პირების მიერ ტენდერებში უკონკურენტოდ გამარჯვებაზე დასმულ შეკითხვას რესპონდენტი პასუხობს, რომ ისინი გოგუას თანამდებობაზე დანიშვნამდეც მონაწილეობდნენ სახელმწიფო შესყიდვებში.

"მათი წილი ძალიან მიზერულია, ჩვენ ვერავის ვერ ავუკრძალავთ მონაწილეობას", დასძინა მერმა.

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ის მზადაა უპასუხოს დეკლარაციის მიმართ დაინტერესებული ნებისმიერი პირის შეკითხვებს.

" მე ჯერ არ ვიცი, რა დოკუმენტზეა საუბარი, მაგრამ ზოგადად ვამბობ, რომ ღიაობის კუთხით, მე მზად ვარ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი", - განმარტა ჟორჟოლიანმა.

რადიო "ათინათის" ზარებს არ პასუხობენ ზუგდიდის, სენაკის და ფოთის მერები, რომლებზეც ოქმში წერია, რომ მათ მართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და კორუფციის რისკი.

ჩვენ არაერთხელ ვეცადეთ მათგან ან მათი პრესსამსახურის წარმომადგენლებთან გაგვერკვია მერების პოზიცია, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ.

იმ შემთხვევაში, თუ დარღვევები დადგინდება, ანტიკორუფციულ ბიუროს შეუძლია აღსრულების ორი ბერკეტი - გაფრთხილება ან ფინანსური სანქცია გამოიყენოს.

 


 

Print