ახალი ამბები
პრემიერი: რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია გაააქტიურა
რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ყურადღება ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2017 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა.

„რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა საოკუპაციო ხაზების განმტკიცება მავთულხლართების, სანგრების, ე.წ. სასაზღვრო ნიშნულებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით. მავთულხლართები კი ზოგიერთის კარ-მიდამოს უბრალოდ შუაზე ჰყოფს.
დაუცველი ჯგუფები, რომლებიც აქამდე, მაგალითად, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ან ბავშვები, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულ მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მისაღებად გადმოდიოდნენ მეორე მხარეს, დღეს ამას ვეღარ ახერხებენ, რადგან ე.წ. გადამკვეთი პუნქტები დაიხურა. ამასობაში კი, რუსეთი აგრძელებს მოძრაობაზე რეაგირებისა და სხვა სახის ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა მოიპოვოს სრული კონტროლი მთლიანად საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე.

საქართველო მტკიცედ ემხრობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. საქართველოს მთავრობა ზედმიწევნით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს. მან არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების შესახებ დებულების ერთგულება. რუსეთისგან საპასუხო მოქმედებას ადგილი ჯერ არ ჰქონია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


მან გაეროს ყოველწლიურად საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღების გამო მადლობა გადაუხადა.



Print