ახალი ამბები
ევროკომისია: საქართველო რეგიონში ევროკავშირის უმთავრესი პარტნიორია
10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში საუბარია ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ანგარიშის თანახმად, 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა. მნიშვნელოვანი მიღწევაა - ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება. ანგარიშში ამ პროცესის პირველი თვეების შედეგები წარმატებულად ფასდება.

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგი ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელების ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა. 2017 წელს საქართველომ გააგრძელა მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება, ისევე როგორც მიგრაციის ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა“- აღნიშნულია დოკუმენტის შეჯამებით ნაწილში. 

დოკუმენტში საქართველოს გაწევრიანება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შეფასებულია, როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. მასში ევროკომისია ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში. აქვე ხაზგასმულია ქართული საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ანგარიშის შესაბამისად, უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ტრანსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ამ კონტექსტში ხაზგასმულია ევროპოლთან სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობა.



Print