ახალი ამბები
ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა
2018 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შესახებ კანონი ძალაში შევიდა. პირველ ეტაპზე სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები, შემდეგ - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავების მქონე ავტომობილები და ა.შ. 2019 წლის ბოლომდე კი ინსპექტირებას გაივლის საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, გრაფიკი ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით გაიწერება.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, ხვალიდან ცხელი ხაზი - 1484 ამოქმედდება, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს მოემსახურება. ცხელ ხაზზე დარეკვა შესაძლებელი იქნება საერთო სარგებლობის ფიქსირებული და მობილური ქსელებიდან, მხოლოდ ცხელი ხაზის ნომრის - 1484 აკრეფით. კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს დაეხმარებიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში. ცხელ ხაზზე დარეკვა დამატებითი გადასახადის გადახდას არ ითვალისწინებს.

Print