რამდენიმე კატეგორიის მართვის მოწმობებს მოქმედების ვადა მარტამდე გაუხანგრძლივდება
2006 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში
გაცემულ “C“, “CE“, “D“, “DE“, “C1“, “C1E“, “D1“
და “D1E“ კატეგორიების მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1
მარტამდე შეუნარჩუნდება. აღნიშნული საკანონმდებლო პროექტი, რომლის
ინიციატორები მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა და გიორგი ხატიძე არიან,
პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
“დღეის მდგომარეობით გაცემულია 481 000 ზემოაღნიშნული
კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა. ამათგან 263 700
მართვის მოწმობას 2018 წლის 1-ელ სექტემბერს გასდის მოქმედების ვადა.
იქიდან გამომდინარე, რომ 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე დარჩენილია 3
თვეზე ნაკლები, ამ რაოდენობის მართვის მოწმობების შეცვლა, პრაქტიკულად
შეუძლებელია, ვინაიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში მომსახურების
სააგენტოში არსებული რესურსით შესაძლებელია მაქსიმუმ 2 800 მართვის
მოწმობის შეცვლა. “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის თანახმად კი,
მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მართვის
მოწმობის შეცვლამდე პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა“,
- აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონის თანახმად, აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობებს ვადა 2018
წლის 1-ელ სექტემბრამდე აქვთ, თუმცა ინიცირებული პროექტი ვადის
მომავალი წლის მარტამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები