ახალი ამბები
ქართულ ხორბალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოაწერა ხელი.ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„საქართველო წარმოადგენს უძველესი აგრიკულტურის ქვეყანას, მას სამეურნეო საქმიანობის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, ის მდიადრია კულტურული (სასოფლო-სამეურნეო) მცენარეებით, კულტურული მარცვლოვნების (ხორბლის, ქერის, ჭვავის, ფეტვნაირების) სახეობებით, სახესხვაობებით და ადგილობრივი ჯიშებითა და ფორმებით. ზოგადად, სამხრეთ კავკასია და კერძოდ, საქართველო, კულტურული ხორბლეულის სამშობლოდაა მიჩნეული. ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მსოფლიოში კულტურული ხორბლის მოშინაურებისა და ჩამოყალიბების პროცესში“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით დასტურდება, რომ ქართველებმა ხორბლის კულტივირება დაიწყეს რვა ათასი წლის წინ. ამასთან, გამოთქმულია მოსაზრება რომ რბილი ხორბლის წარმოშობის ძირითადი კერა ამიერკავკასია და კერძოდ საქართველოა, სადაც მისი მრავალი სახესხვაობა გვხვდება.

Print