ახალი ამბები
პროკურატურამ ყალბი პირადობების სავარაუდო დაბეჭდვაზე გამოძიება დაიწყო
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო უწყებაში უახლოეს პერიოდში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნები" ყალბი პირადობის მოწმობების, სავარაუდო, დამზადების შესახებ იუწყებიან. აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

ამავე თემაზე: 

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი: წალენჯიხაში, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება
Print