ახალი ამბები
პრემიერი ანაკლიის პორტზე: ყველას ურჩევნია ფოკუსირება გააკეთოს რეალური საქმის გაკეთებაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ  ანაკლიის პორტის პროექტი შედგება, თუ სახელმწიფო კონსორციუმი და კერძო სექტორი თავის ვალდებულებებს შეასრულებენ. მისივე თქმით, იგი პირადად იყო დაინტერესებული, რომ ეს პროექტი მოხვედრილიყო პრიორიტეტულ პროექტთა ნუსხაში, რომელიც დაამტკიცა ევროკავშირმა.

„300 მილიონის ვალდებულება ავიღეთ, რომ სახელმწიფო გააკეთებს ინვესტირებას. გამოვისყიდეთ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის მიწები. საპარტნიორო ფონდს აქვს ვალდებულება 100 მილიონი დოლარის, რომ გააკეთოს დაფინანსება. პირადად მე ვიყავი ჩართული და პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს პროექტი მოხვედრილიყო პრიორიტეტულ პროექტთა ნუსხაში, რომელიც დაამტკიცა ევროკავშირმა. პირადად მე მქონდა თხოვნა ოპეკთან, რომ განეხილათ და ჰქონოდათ პერსპექტიულ პროექტთა ნუსხაში. რომელს აქვს იმაზე მეტი გაკეთებული, ძალიან მაინტერესებს, მათ შორის, პარლამენტს გარეთ, რომელიც დღეს ჩასაფრებული ხალხის პოზიციიდან საუბრობს?! რომ ვამბობთ, ეს არის სტრატეგიული პროექტი, ე.ი. არის და ამისთვის ყველაფერი კეთდება. ყველას ურჩევნია ფოკუსირება გააკეთოს რეალური საქმის გაკეთებაზე. სახელმწიფო თავის ვალდებულებას შეასრულებს, კონსორციუმმა და კერძო სექტორმაც თავისი ვალდებულება შეასრულოს და ეს პროექტი შედგება“, - განაცხადა ბახტაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

29 მაისს "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ეკონომიკის სამინისტროსგან ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა მიიღეს. მანამდე, ქალაქ ფოთის მერიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა 30 მაისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ თუკი მთავრობის მხრიდან რეაგირება არ მოჰყვა ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვასთან და ამ ინფორმაციის კონსორციუმისთვის დამალვასთან დაკავშირებით, ანაკლიის პროექტი შეჩერდება. მოგვიანებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სამინისტრომ კომპანია „ეიფიემ ტერმინალსს“ ფოთში მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა გაუუქმა. მისი განმარტებით, ნებართვა ეხებოდა არა მშენებლობას, არამედ მიწათსარგებლობის უფლებას. 

ამავე თემაზე:
ანაკლიის პორტის პროექტი შესაძლოა შეჩერდეს

მინისტრი: მთავრობამ ფოთის პორტთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა გააუქმა
Print