ახალი ამბები
სოხუმი: ვერტმფრენებით დეზინფექციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ყალბია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის

შესახებ გააკეთა განცხადება.

უწყების ცნობით, 2020 წლის 17 მარტს სოციალური ქსელებში გაჩენილი შეტყობინებები, რომ თითქოს 23:00 - დან 5:00 საათამდე ვერტმფრენები შეწამლავენ ტერიტორიას სადეზინფექციო ხსნარით, ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ კრიტიკულები იყვნენ მსგავსი სახის ინფორმაციის მიმართ და მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს ენდონ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ენგურის ხიდი 14 მარტს ჩაიკეტა. ამავე ცნობით, რესპუბლიკაში შესვლა და რესპუბლიკიდან გასვლა ეკრძალება ყველა კატეგორიის მოქალაქეს, ენგურჰესის თანამშრომლების გარდა. აღნიშნული განკარგულება თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ 11 მარტს გასცა.

"ჯანდაცვის სამინისტროს" მონაცემებით, აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.



 

Print