ახალი ამბები
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 30 აპრილამდე გახანგრძლივდა
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შესაბამისი გადაწყვეტილება, 2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.

ამავე ცნობით, თუ აპლიკანტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) 16 აპრილის ნაცვლად, 30 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს.

ცვლილება ეხება მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს და არა გამოცდების ჩატარების პერიოდს.

ნებისმიერი დამატებითი ცვლილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ და ვებგვერდებზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინრეჟიმში გამართვას აგრძელებს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ. ასევე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის ცხელი ხაზი.



Print