ახალი ამბები
ქუთაისის საავადმყოფოში სამეგრელოდან და აფხაზეთიდან გადაყვანილი პაციენტები გარდაიცვალნენ
დღეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 73 წლის მამაკაცი გალის რაიონიდან, ხოლო 70 წლის ქალი სამეგრელოდანაა. 

ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ და მათი მდგომარეობა თანმდევი დაავადებების გამო მძიმე იყო.

"პაციენტების მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, დაავადების მძიმე მიმდინარეობის გამო, სამწუხაროდ, პაციენტების გადარჩენა ვერ მოხერხდა", – თქვა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. ვირუსი კიდევ 1 351 პირს დაუდგინდა. 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით სულ 172 ადამიანია გარდაცვლილი.


Print