ახალი ამბები
ბოლო თვის განმავლობაში აფხაზეთიდან გადმოსული 11 000 ადამიანიდან, მხოლოდ ერთეულები აიცრნენ - გამყრელიძე
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ენგურის ხიდი 11 000 ადამიანმა გადმოლახა, აქედან ინფიცირება 44-ს დაუდგინდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა უთხრა. ამირან გამყრელიძის ინფორმაცით, ვაქცინაციის სურვილი მხოლოდ რამდენიმე ერთეულმა მოქალაქემ გამოთქვა.

"თითოეულ მათგანს, ვინც გადმოდის, ეთავაზება ვაქცინაცია. თავიდან, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იყო უფრო თავშეკავება, დღეს უფრო აქტიურად აპირებენ აცრებს. ვინც ვერ რეგისტრირდება, იქნება ეს გალიდან, თუ აფხაზეთის ნებისმიერი სოფლიდან - არანაირი წინასწარი ჯავშანი მათ არ სჭირდებათ, შეუძლიათ მივიდნენ იგივე რუხის კლინიკაში, რეფერალურ საავადმყოფოში, პოლიკლინიკაში, ყველგან მათ აცრიან ე.წ ვირტუალურ კაბინეტებში. დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად მონაწილეობს დიალოგში, აწვდის ოკუპირებულ რეგიონს ბავშვების ვაქცინებს, შესთავაზა კოვიდ ვაქცინები, სახელმწიფო აწვდის წამლებს, მთელ რიგ ტესტებს. მთავარი ღერძი, რომელიც დღეს ოკუპირებულ რეგიონთან გვაკავშირებს არის მედიცინა და ჯანდაცვა", - აღნიშნა გამყრელიძემ.

პრესკონფერენციამდე ამირან გამყრელიძე ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. ის ადგილზე კოვიდვითარებასა და შესაბამის სამუშაოებს გაეცნო. გარდა ამისა, ის დილით რუხის კოვიდკლინიკაში მივიდა, მოგვიანებით კი ევექსის ჰოსპიტალსაც ეწვია.

Print