რეგიონი
აფხაზეთის მთავრობის ყოფილი თანამშრომელი "სასიკვდილო შიმშილობის" დაწყებით იმუქრება (ვიდეო)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ყოფილი თანამშრომელი თეონა ქარდავა უწყების ხელმძღვანელობას სამ ძირითად მოთხოვნას უყენებს. ის ითხოვს, დაისაჯონ ის საჯარო მოხელეები, რომლებსაც აფხაზური ე.წ მწვანე პასპორტები გააჩნიათ. მისი თქმით, აფხაზეთის მთავრობაში რამდენიმე ასეთი პირია, მოხდეს უწყების ოპტიპიზაცია და საგამოცდო პროცესებში ჩართვა.

ქარდავა სამსახურიდან მის გათავისუფლებას პოლიტიკურს უწოდებს.

"უნდობლობას ვუცხადებ მათ და აქედან გამომდინარე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი , ვითხოვ ვიყო კომისიაში, რომელმაც უწყების ადგილობრივი ხელმძღვანელი უნდა შეარჩიოს. ვფიქრობ, კონკურსის პირობები მხოლოდ ერთ ადამიანზე - დროებით მოვალეობის შემსრულებელზე ალექსანდრე ჩიკვაიძეზეა მორგებული", - აცხადებს საზოგადოებრივი ორგანიზაციის "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წევრი თეონა ქარდავა.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოფილი საჯარო მოხელე უვადო და "სასიკვდილო შიმშილობით" იმუქრება.

ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში უპასუხეს. უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ჩიკვაიძის განცხადებით, ქარდავას ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაგრძელების საჭიროება არ იყო. რაც შეეხება პასპორტების თემას, ჩიკვაიძე ვერ ადასტურებს ,აქვს თუ არა მის რომელიმე თანამშრომელს ე.წ აფხაზური პასპორტი. ჩიკვაიძის განცხადებით, ქარდავას კიდევ ერთი მოთხოვნა - საგამოცდო პროცესებში ჩართვა, მის კომპეტენციაში არ შედის.

"აფხაზური პასპორტების ქონა დანაშაული არის თუ არა, პასუხს ვერ გაგცემთ, ეს არის ფართო მსჯელობისა და დისკუსიის საკითხი",- აცხადებს ალექსანდრე ჩიკვაიძე.

Print