რეგიონი
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ „ფერმერთა მომსახურების ცენტრი“ წალენჯიხაში გახსნა (ვიდეო) ®
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ (GHGA) წალენჯიხაში „ფერმერთა მომსახურების ცენტრი“ გახსნა, სადაც „თხილის გადარჩენის პროგრამაში“ ჩართულ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალი ხარისხის პესტიციდები შეღავათიანი პირობებით და ფასებით. მათ ადგილზე მოემსახურებიან კვალიფიციური კონსულტანტები.
აღნიშნული ცენტრი თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ადგილობრივ ფერმერებთან ერთად გახსნეს. გიორგი თოდუამ, ფერმერებს იმ სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია რასაც ორგანიზაცია განახორციელებს. მისი თქმით, ასოციაციის თითოეული აგრო-კონსულტანტი მენეჯმენტს გაუწევს საშუალოდ 200 ჰექტარ თხილის ფართობს და ფერმერებს დამატებით მოამზადებს წამლობისა და რიგი აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვაში.

„თხილის ინდუსტრიის გადასარჩენად აუცილებელია სამი კომპონენტი. ერთ-ერთი არის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება მოქმედ ფერმერთა ჯგუფებში. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ შხამ-ქიმიკატებსა და შესაწამლ აპარატებთან წვდომა და ამ აპარატებს ჩვენ გადმოგვცემს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რასაც შემდგომ დავურიგებთ თითოეულ ჯგუფს. ასევე მნიშვნელოვანია, როგორც ნიადაგის ანალიზი, ასევე ხარისხიან პესტიცებთან წვდომა. სწორედ ამიტომ გაიხსნა ფერმერთა მომსახურების ცენტრი, სადაც ფერმერს საშეღავათო პერიოდში შეეძლება პრეპარატების შესყიდვა, გარდა ამისა ადგილზე მიიღებენ გამოცდილი აგრო-კონსულტანტების რჩევებს“, - აღნიშნა თოდუამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ კვალიფიციური მომსახურება და რაც მთავარია მათ გადაეცემათ წამლობის სქემა.

თავის მხრივ ფერმერები, რომლებიც ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ მიიჩნევენ, რომ ისინი დღეიდან ადგილზე მიიღებენ მაღალი ხარისხის მქონე პრეპარატებს და იმ გამოცდილებას, რომელიც ფერმერთა ასოციაციის აგრო-კონსულტანეტებს აქვთ.

„წალენჯიხაში გაიხსნა ფერმერთა მომსახურების ცენტრი, რაც ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც ფერმერებს დაეხმარება. ხელმისაწვდომია ასევე პრეპარატები, რომლებიც აუცილებელია წამლობისთვის. მისასალმებელია, ეს ყველაფერი, რომ მთელ რეგიონში ხდება“, - ამბობს ფერმერი გია აკობია.

„თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ახორციელებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შპს „აგრიჯორჯია“-ს მხარდაჭერით, მომზადება გაიარეს იმ აგრო-კონსულტანტებმა, რომლებიც მოემსახურებიან თხილის მწარმოებელ ფერმერებს სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში. თითოეული აგრო-კონსულტანტი მენეჯმენტს გაუწევს საშუალოდ 200 ჰექტარ თხილის ფართობს და წლის განმავლობაში განახორციელებს ვიზიტებს ფერმერების თხილის ბაღებში, მონიტორინგს გაუწევს სამუშაოების შესრულებას და გასცემს რეკომენდაციებს.

პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ფერმერთა ჯგუფებს გადაეცემათ მაღალეფექტური შესაწამლი აპარატები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება აგროტექნიკური ღონისძიებების ფარგლებში რეკომენდებული წამლობის სამუშაოების მაღალ დონეზე ჩატარება.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ (GHGA) ფერმერების თხოვნით გასულ წელს ზუგდიდში შექმნა პირველი „ფერმერთა მომსახურების ცენტრი“, რომლის მომსახურებითაც სეზონზე 6000-მდე ფერმერმა ისარგებლა.

Print