რეგიონი
ანაკლია-განმუხურში ECHOWAVES 2019-ისთვის ემზადებიან (ვიდეო/ფოტო)
ანაკლიასა და განმუხურში მუსიკალურ ფესტივალ ECHOWAVES 2019-ის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ორგანიზატორებმა დღეს მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს და ინფორმაცია მიაწოდეს. ამ დროისთვის ტერიტორიაზე სცენების მონტაჟი, კვების ობიექტების მოწყობა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

„რამდენიმე ახალი სცენა შევქმენით, განსაკუთრებული არქიტექტურით, რომელიც შესაბამისობაშია ამ რეგიონთან. ვეცადეთ მხოლოდ ნატურალური მასალა გამოგვეყენებინა - ბამბუკი, ჩალა, პალმის ფოთლები და ქერქი, ასევე რკინა, რომელიც არის ამ ტერიტორიაზე. მაქსიმალურად ვცდილობთ არ შევიძინოთ არაფერი ახალი და გამოვიყენოთ ადგილზე უკვე არსებული მასალა“ - ამბობს არქიტექტორი მარია ფრიქფაბრიკი.

გარდა მუსიკალური ნომრებისა, ორგანიზატორების ინფორმაციით, დღის განმავლობაში ანაკლიის სანაპიროზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთონ, დაესწრონ ვორქშოფებს. ასევე, ეწვიონ ღია კინოთეატრს და ახლომდებარე ლოკაციებიც მოინახულონ. საფესტივალო ტერიტორიაზე კარვებიც განთავსდება. ანაკლიის ფესტივალს რამდენიმე ახალი სცენა შეემატა.

,,წელს ბევრ სიახლეს ვთავაზობთ ფესტივალის დამსვენებელს, გვექნება რამდენიმე ახალი სცენა. ერთი სთეიჯი რომელიც ახალია, არის ჩემს ზურგს უკან - OCTAGON STAGE.  წელს, ეს ტექ ჰაუსისა და მელოდიური ტექნიკის სცენაა’’,
- აღნიშნა ფესტივალის F&B მენეჯერმა ჯაბა კიკვიძემ.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EXIT-ის ქოლგის ქვეშ იმართება. 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში ღონისძიებას CHECK-IN-GEORGIA წარმოადგენს.

წელს ფესტივალი კამპანია #SPENDYOURSUMMERINGEORGIA-ში ჩაერთო, რადგან, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ECHOWAVES-ის ერთ-ერთი პრიორიტეტი, საქართველოსთვის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, სწორედ ტურისტების მოზიდვაა. შარშან ფესტივალს 70-ზე მეტი ქვეყნიდან, 10 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობდა. ორგანიზატორების წელსაც არანაკლებ რაოდენობას ელოდებიან.

ფესტივალის ჩასატარებლად წელს 2 მილიონ 559 600 ლარი გამოიყო.



Print