საზოგადოება
ქართული ჯარი ქართულ კვებაზე გადადის
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის თინა ხიდაშელის ინფორმაციით, 2016 წლის გაზაფხულიდან ჯარი თითქმის სრულად ქართულ კვებაზე გადავა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქართული პროდუქციის წახალისება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

"ამ ამოცანის ფარგლებში ჩვენ გამოვედით ინიციატივით, მაქსიმალურად ქართულ კვებაზე გადავიყვანოთ ჯარი. პირველი ეტაპი დასრულებულია და ორიოდე დღის წინ გვქონდა პრეზენტაცია, სადაც გავაცანით გამარჯვებული ქართველი მეწარმეები საზოგადოებას. აღმოსავლეთ საქართველოს საჯარისო შენაერთები მთლიანად ქართული ხორცით კვებაზეა გადასული. 25 დეკემბერს დასრულდა ტენდერი მთელ დანარჩენ სისტემაზე და 1 იანვრიდან მთლიანი ჯარი უზრუნველყოფილი იქნება ქართული ხორცით. იანვარში გამოვაცხადებთ ქათმის პროდუქტზე ტენდერსაც. ვმუშაობთ ინტენსიურად მომწოდებლებთან ხილის და ბოსტნეულის მიმართულებით. მე მაქვს ამბიცია, რომ გაზაფხულის დასაწყისში, მთლიანად, გარდა იმ ძალიან მცირე ჩამონათავალისა, რაც საქართველოში არ იწარმოება, ქართულ კვებაზე გადავიყვანოთ ჯარი. ეს დაახლოებით 40 მილიონი ლარია, რომელიც დარჩება ქართულ ბაზარზე, ქართული ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება", - განმარტა ხიდაშელმა.
Print