საზოგადოება
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ახალი დირექტორი შენობაში არ შეუშვეს
ხმაური იყო დღეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც ახალი ფინანსური დირექტორი მივიდა.

მედპერსონალი დაწესებულებაში კომპანია "ბლოკ ჯორჯიას" შესვლას აპროტესტებს და აცხადებს, რომ კომპანიამ შენობა უკანონო გზებით მიითვისა.

"აქ ყველაფერი ჩვენი ხელით არის გაკეთებული და რამდენი წელია ვემსახურებით ხალხს. მათ რამდენიმე წლის წინ იყიდეს ეს შენობა და ახლა შემოსვლას და მართვას გეგმავენ. ჩვენთვის ამის თაობაზე ოფიციალურადაც კი არავის მოუმართავს. კოლექტივი ახალი ხელმძღვანელობის წინააღმდეგია. მათ აქ არ შემოვუშვებთ", - აცხადებენ ექიმები.

ახალი ფინანსური დირექტორი ნოდარ ჩიქოვანი კი ამტკიცებს, რომ დაწესებულების ყოფილ ხელმძღვანელობას უკვე მიმართა რამდენჯერმე, თუმცა უშედეგოდ.

"ჩვენ მივმართეთ მადონა სართანიას რამდენჯერმე, თუმცა ის უარს ამბობს დაიკავოს სამედიცინო დირექტორის პოსტი. ფინანსური დირექტორი ახლა მე გახლავართ და ჩემი მოვალეობის შესასრულებლად მოვედი აქ", - განაცხადა ჩიქოვანმა, თუმცა მას ტერიტორიის დატოვება მოუწია, რადგან საავადმყოფოს მომსახურე პერსონალი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის იქ შესვლას.

უკმაყოფილება დღეს არც პაციენტებს დაუმალავთ, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოშ ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პერიოდულად დადიან. მათი თქმით, მსგავსი დაპირისპირების გამო მკურნალობის კურსი შესაძლოა, შეფერხდეს, რაც მათ ჯანმრთელობაზე იმოქმედებს.

საბოლოოდ ახალი ხელმძღვანელობა საავადმყოფოდან გავიდა, თუმცა რას აპირებენ მომავალში, მედიასთან არ დაუკონკრეტებიათ.
Print