საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი: “სასწრაფო დახმარების სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს“
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს სამინისტროში გამართულ თათბირზე სამსახურების ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა, თავიანთი სამსახურებრივი ავტომობილები გახშირებული გამოძახებებისთვის გამოიყენონ.

"გავაძლიერებთ თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურს. მივამაგრებთ დამატებით მანქანებს. იგივე ეხება რაიონულ სასწრაფოს. სამსახურებრივი მოხმარების მანქანები უნდა გადამისამართდეს, მეც მზად ვარ, რითიც დავდივარ, ჩემი მანქანა გადავამისამართო ამ საქმეზე, რომ ოჯახის ექიმებმა დაიწყონ სიარული მაღალი ტემპერატურის დროს გამოძახებებზე და არ გაუშვან ასეთ გამოძახებაზე აკივლებული სასწრაფოები, როდესაც ამ დროს კაცი კვდება სადღაც. ცხელების გამოძახებები, რომლებიც არის არა რისკ-ჯგუფის პაციენტეში, ამაზე სასწრაფო ბრიგადა არ უნდა გავიდეს. არამედ უნდა გავიდეს მსუბუქი პატარა მანქანა, რომელშიც იქნება ოჯახის ექიმი". - განაცხადა სერგეენკომ.

ბოლო მონაცემებით, H1N1 ვირუსით ქუთაისში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განმარტა, რომ პაციენტს თანმხლები დაავადება ჰქონდა და რისკ-ჯგუფს წარმოადგენდა. იგი კლინიკაში მხოლოდ ერთი დღე იმყოფებოდა.

იმნაძის თქმით, H1N1 ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში 100 ათას მოსახლეზე გრიპის 250 შემთხვევა გამოვლინდა.

Print