საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირას იესოს იერუსალიმში დიდებით შესვლას - ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. მოძრავი დღესასწაული ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირას. მისი შინაარსი გადმოგვცემს იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, მორწმუნეები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. მორწმუნეები ნაკურთხ ბზის ტოტებს მომავალ ბზობამდე სახლებში ინახავენ. ბზობის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგი კვირის განმავლობაში კი ვნების შვიდეული აღინიშნენბა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ბზობის წლევანდელ დღესასწაულზე საზეიმო წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
დიდი მარხვა წელს 14 მარტს დაიწყო და 1 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.



Print