საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას ღია წერილით მიმართავს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს აქვეყნებს. მან ვრცლად  “ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა მიმოიხილა. „საქართველო უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას - ჩვენ თავიდან ვსწავლობთ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებას, ვეჩვევით დემოკრატიას და საბაზრო ეკონომიკას, ზოგადად თავისუფლებას”, - აღნიშნულია წერილში.

„ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია მომავლის წინაშე და დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება სიფრთხილე, რათა არ დავუშვათ შეცდომა, რომელიც იმ ტირანიაში დაგვაბრუნებს, დიდი გაჭირვებით რომ დავაღწიეთ თავი. ამიტომ ვალდებულნი ვართ, ვუპასუხოთ დროის მოთხოვნებს, მართებულად შევაფასოთ მოვლენები და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა წყალში არ ჩაგვეყაროს ის მიღწევები, რაც ამჟამად გვაქვს და რაც სამომავლოდ უკეთეს პერსპექტივას გვიქადის.

მართებული კი მხოლოდ ის გადაწყვეტილებაა, რომელიც გვაახლოებს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ მიზანს - თავისუფლებას, უსაფრთხოებას, თვითმყოფადობას, კეთილდღეობას და მსოფლიო პროგრესის პროცესში ჩართულობას!“,- ნათქვამია წერილში.

მისივე განმარტებით, დროის და ცხოვრების მკაცრი მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩვენ ჩამორჩენის უფლება არ გვაქვს. სწორედ ეს ამოცანა უდგათ მოქალაქეებს, რომლებიც, მიუხედავად ათასი პრობლემისა, იხტიბარს არ იტეხენ და შრომობენ საკუთარი ოჯახების, მომავლის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამაში სჭირდებათ მათ ხელშეწყობა და დახმარება.

„ყველა ვხედავთ, როგორი დაძაბულობაა დღეს მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენს გარშემო - უახლოეს და არც თუ შორეულ სამეზობლოში. ულმობელი ტერაქტები, დაუსრულებელი საბრძოლო მოქმედებები, ეკონომიკური კრიზისი, რელიგიური კონფლიქტები და ცივილიზაციათა დაპირისპირება, ის სახიფათო აისბერგებია, რომლებიც ჩვენს შორიახლო დაცურავენ და კატასტროფებით გვემუქრებიან.

ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ამ აისბერგებს შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოდ გატარება შევძელით და მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნეთ. რამდენად მივაღწევთ მიზანს, დამოკიდებულია ორ ფაქტორზე - როგორი ტიპის სახელმწიფოს ავაშენებთ და რა საგარეო ორიენტირები ექნება ჩვენს ქვეყანას“, - ნათქვამია წერილში.

ბიძინა ივანიშვილის დაანონსებულ წერილს სააგნეტო 2030.news. ავრცელებს.


Print