საზოგადოება
ქართული თაფლისთვის ევროკავშირის ბაზარი ღიაა
ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ. 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ სამინისტრომ, მეფუტკრეობის დარგის განვითარებისა და ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სტიმულირების მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა.

„ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც თაფლთან დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს“.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტებით თაფლი აწარმოოს და ბაზარზეც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს. თაფლის მწარმოებლებს კი საშუალება აქვთ სტანდარტების დაცვის შემთხვევაში საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე განათავსონ.
Print