საზოგადოება
„ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის - უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის“ - განვითარების შესაძლებლობა ახალგაზრდებისათვის
საქართველოში ყოველი მესამე ახალგაზრდა უმუშევარია, რაც უარყოფითად  მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, მოსახლეობის კეთილდღეობასა და თავად ამ ახალგაზრდების სამომავლო განვითარების შესაძლებლობაზე. მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, მათ შორის, სომხეთი და უკრაინაც დგანან. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის დაფინანსებით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ "გადავარჩინოთ ბავშვები" 2018 წელს საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში დაიწყო ახალი პროექტის "ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის - უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის" განხორციელება. პროექტი მიზნად ისახავს, გამოავლინოს ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაღალი დონის გამომწვევი მიზეზები და მათივე ჩართულობითა და გაძლიერებით წვლილი შეიტანოს ამ პრობლემის გადაჭრაში.

ახალგაზრდებს შორის დასაქმების შემაფერხებელ მიზეზებს შორის შეიძლება დასახელდეს ნეპოტიზმი, რიგ სექტორებში სამუშაო ადგილების სიმცირე, შრომის ცუდი პირობები. თუმცა, "გადავარჩინოთ ბავშვების" დაკვეთით, კვლევითი ორგანიზაციას "დეპას" მიერ ოთხ სამიზნე რეგიონში (მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და შიდა ქართლი)  ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის თანახმად, ახალგაზრდების დასაქმებას ხელს უშლის ის გარემოებაც, რომ მათ ნაკლებად აქვთ საკუთარი თავის წარმოჩენის, საქმიანობის სფეროს სწორად არჩევის, ინიციატივის გამოვლენის, იდეის საქმედ ქცევის უნარები. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ უნარებს "ტრანსვერსალურად" (დასაქმებისთვის საჭირო) ან "რბილ უნარად" მოიხსენიებს. მაგალითად, მნიშვნელობა არ აქვს, არის ადამიანი ექიმი, მშენებელი თუ მეწარმე - აუცილებელია, მას ქონდეს პასუხისმგებლობის უნარი, იყოს მოქნილი გარემო ფაქტორების ცვლილებებისადმი, შეეძლოს საკუთარი თავისა და იდეების წარმოჩენა, კარგად მუშაობდეს გუნდში.

სწორედ ამიტომ, "გადავარჩინოთ ბავშვებმა" შეარჩია 10 ორგანიზაცია, რომელიც სამიზნე რეგიონებში მუშაობს და ასწავლა მათ ახალგაზრდებთან იმ უნარების განვითარებაზე მუშაობა, რომლებიც ჩატარებული კვლევის თანახმად, მათ ყველაზე მეტად აკლიათ. ეს ათი ორგანიზაცია შეძლებს "გადავარჩინოთ ბავშვების" დაკვეთით პროფესიონალთა მიერ შემუშავებული სატრენინგო პროგრამების გამოყენებით, დასაქმებისთვის საჭირო უნარები ასწავლოს მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ იპოვონ სამუშაო, მუდმივად იზრუნონ საკუთარი თავის განვითარებაზე. ეს უნარები ახალგაზრდებს დაეხმარება, გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები საკუთარი საქმის დასაწყებად  ან უკეთესად დაგეგმონ თვითდასაქმების შესაძლებლობები, დაიწყონ იმ შესაძლებლობების მოძიება, რაც მათ პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.

საჭირო უნარებისა და ცოდნის ნაკლებობასთან ერთად, აუცილებელია ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული დასაქმების პოლიტიკის შემუშავება. ამდენად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის" ფარგლებში,  "გადავარჩინოთ ბავშვები" მიზნად ისახავს, შექმნას ახალგაზრდების ეროვნული ქსელი, რომელიც ითანამშრომლებს კერძო სექტორთან, სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მონაწილეობას მიიღებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გაეცნობა ყველა იმ შესაძლებლობას (იქნება ეს დასაქმების, განათლების თუ ტრენინგის კუთხით), რომელიც ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით არსებობს. ამ გზით, ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას ექნება საშუალება, აქტიურად ჩაერთოს განათლებასა და დასაქმებასთან დაკავშირებული პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

სამეგრელო - ზემო სვანეთში ტრანსვერსალურ უნარებთან დაკავშირებულ ტრენინგებს ჩაატარებენ ორგანიზაცია "ათინათი", "თემის განვითარების ცენტრი" და "გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები".

პროექტი "ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის - უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის" ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვების" მიერ ხორციელდება საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. საქართველოში "გადავარჩინოთ ბავშვების" პარტნიორს წარმოადგენს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი.

საერთაშორისოა არასამთავრობო ორგანიზაციამ "გადავარჩინოთ ბავშვები" თავისი საქმიანობა საქართველოში 1993 წლიდან დაიწყო. გასული 25 წლის მანძილზე, სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობისა და მისი გაძლიერების გზით, ორგანიზაციის მთავარი სამიზნე იყო ბავშვების, მათი ოჯახებისა და თემების მხარდაჭერა.

Print