პოლიტიკა
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ტრადიციული მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ მიმართა.

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო სისტემაზე და მოუწოდა პოლიტიკურ სპექტრს საარჩევნო ცვლილება უკვე 2016 წლის არჩევნებისთვის განხორციელდეს.

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური პოლუსი უნდა შეიცვალოს უფრო მრავალფეროვანი პალიტრით. მისი თქმით, საჭიროა გაძლიერდეს სეკულარიზმის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პრაქტიკები.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე. "ჩვენი ვალია უზრუნველვყოთ და დავიცვათ სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. თავისუფალი მედია ხელშეუხებელია. დღეს საქართველოში არსებობს მედია მრავალფეროვნება და ეს ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომელსაც მუდმივი დაცვა და გაძლიერება სჭირდება. ეს პროცესი კიდევ უნდა გაღრმავდეს. მედიის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, რაც გულისხმობს საჯარო ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსთა მხრიდან კონკრეტული მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასებასა და განსჯაზე უარის თქმას. ასეთი თვითშეზღუდვა ევროპული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების საფუძველსაც წარმოადგენს",-აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში არაერთი პირის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მხრიდან, გავრცელდა ინფორმაცია მათ მიმართ უკანონო თვალთვალის და პირადი ცხოვრების კადრებით ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ.

პრეზიდენტის განცხადებით, გზა ქვეყნის დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე თითოეული მოქალაქის თავისუფლებაზე გადის. ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, თავისუფალი სახელმწიფო აქტიური მოქალაქის გარეშე ვერ შედგება.

პრეზიდენტი განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების ინიციატივითაც გამოდის.“ ჩვენ განათლებული თაობა უნდა ვაქციოთ ცოდნაზე დამყარებული და პროგრესზე ორიენტირებული საზოგადოების მთავარ მამოძრავებელ ძალად", - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობებს რეალური ძალაუფლება უნდა გადაეცეს. მისი განცხადებით უნდა გაძლიერდეს თვითმმართველობის რეფორმა.

მისივე განმარტებით,ამასთანავე მნიშვნელოვანია,მიზნად დავისახოთ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადასვლა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხორციელება.

"ევროპული საქართველო უნდა იქცეს ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის პლაცდარმად. ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ თანამშრომლობის პროექტების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რაოდენობა. წარმოვაჩინოთ ის რეალობა, რომ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის განუყოფელი ნაწილია და რომ, საქართველოს გარეშე ევროპული კეთილდღეობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი,"- დასძინა მან.

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსასმენად პარლამენტში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

Print