პოლიტიკა
ჰააგის საგამოძიებო გუნდი კონფლიქტის ზონაში ჩავა
მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან.

საუბარი შეეხო 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მზაობა, ღიად და გამჭვირვალედ ითანამშრომლოს პროკურორის ოფისთან და ზოგადად ჰააგის სასამართლოსთან, რათა ბოლომდე იქნეს გამოძიებული ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ტყვეების წამების ფაქტები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის განზრახ განადგურების დანაშაული.

ფატუ ბენსუდას განმარტებით, ჰააგის პროკურორის ოფისი ადგენს გამოძიების სქემას, სადაც გაწერილი იქნება ერთწლიანი და მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა. მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს მაღალი დონის შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ თებერვლის ბოლოს ელოდება პასუხს საქართველოსგან, პროკურატურის გამოძიების კუთხით. ჰააგის პროკურორი პასუხს ელოდება რუსული მხარისგანაც, იმის შესახებ, თუ როდის იქნება მოსკოვი მასთან შეხვედრისთვის მზად.

ასევე მისი თქმით,გამოძიების ფარგლებში, გუნდი ჩავა კონფლიქტის ზონაში გამოძიების ჩასატარებლად.

სამუშაო შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

Print