პოლიტიკა
პრემიერი: "ომი საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის დღეს მოგებულია"
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "ომი საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის დღეს მოგებულია".

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებული განცხადებით გახსნა.

"დღეს არის საბჭოთა ოკუპაციის დღე. დღეს არის დღე, როდესაც უამრავმა ადამიანმა - ჩვენი ჯარის შენაერთებმა, სახალხო გვარდიამ და მოხალისეებმა წინასწარ გადაწყვეტილ ბრძოლაში მართლაც თავდადებული გმირობა აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრძოლა წაგებული იქნა, საბოლოო ჯამში, ეს ომი საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის დღეს მოგებულია. ის, რომ დღეს ამ შენობის თავზე საქართველოს დროშა ფრიალებს, ის, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებები თუნდაც საქართველოს დასავლური კურსის თაობაზე, არის დამსახურება ამ ადამიანების და კიდევ არაერთი გმირის, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის საკუთარი სიცოცხლე გასწირეს. მათი მაგალითი კიდევ დიდხანს, ბევრი საუკუნის განმავლობაში გაუნათებს გზას ჩვენს მომავალ თაობებსაც", - განაცახდა კვირიკაშვილმა.

1921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.
Print