პოლიტიკა
ივანიშვილი: პრემიერი ერთადერთია, ვისაც ხელეწიფება სახელმწიფო დონეზე აზროვნება'
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, მედიასთან შეხვედრაზე, განაცხადა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ”  4 წლის განმავლობაში უამრავი გარდაქმნა მოახდინა საქართველოში და ერთადერთი პარტიაა, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება.

,,გაიხსენეთ, სად ვიყავით ჩვენ - მთლიანად მონოპოლიზებული მედია, ერთი კაცისგან მართული, რამდენიმე ფსევდო-ოპოზიციური პარტია იყო უცხოელებისთვის საჩვენებლად, მთლიანად მართული ბიზნესი. ხუთი ათასი დოლარის გადარიცხვაც კი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მიერ კონტროლდებოდა. მთელი ბიზნესი პრაქტიკულად ერთი კაცისკენ იყო მიმართული. ზღვარი პარტია ”ნაციონალურ მოძრაობასა” და სახელმწიფოს შორის იყო წაშლილი. პოლიცია და მთელი სახელმწიფო სტრუქტურები მხოლოდ ერთი პარტიის სამსახურში იყო ჩამდგარი. იყო წამებები, მკვლელობები. მთელი საქართველო ციხედ იყო გადაქცეული. გაიხსენეთ ეს ყველაფერი და ნახეთ, კულტურული ხელწერით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე როგორი გარდაქმნები მოხდა”, - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ის არის ხელისუფლების ყველაზე მკაცრი მაკონტროლებელი, რადგან სამართლიანობა, პირველ რიგში, მმართველ გუნდს მოეთხოვება.

,,სტანდარტებით, რაც დარჩა გუნდში, რომელსაც ჰყავს ძალიან მაგარი ლიდერი გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, სამართლიანობა, პირველ რიგში, მას და მის წევრებს მოეთხოვება. ჩემი და საზოგადოების მხრიდან მთავრობის მიმართ არის კონტროლი, რომ მათ დაიცვან კანონის უზენაესობა, არ გაბედონ და საკუთარი თანამდებობა არ გამოიყენონ სათავისოდ, არ გაბედონ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები გადავიდეს ”ქართული ოცნების” ხელში”, - განაცხადა ივანიშვილმა.

Print