პოლიტიკა
საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივანი ჩამოდის
იენს სტოლტენბერგთან ერთად თბილისს ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები ეწვევიან. „ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პროცესის შეუქცევადობას, რასაც ჰქვია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, იმიტომ, რომ, როგორც წესი, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი შეხვედრები არაწევრ სახელმწიფოებში არ ხდება და ამ დროს საქართველოში უკვე მეოთხე ვიზიტია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს დელეგაციის წევრები შეხვდებიან პრეზიდენტს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

შეხვედრებზე განიხილება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, ნატო-ში ინტეგრაციისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ამასთან, გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით.


Print