პოლიტიკა
სამართლიანი არჩევნები: მეუფე პეტრემ ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ პოლიტიკური მოწოდებები გაავრცელა
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ქადაგების დროს სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი, პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშშია აღნიშნული.

"...დაფრანგული ქალბატონი თავისი დაფრანგული აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას და დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი არ დაუშვებს რომ ღმერთი გაუწყრეს ქართველ მოსახლეობას, ქართველ ამომრჩეველს და ქართველ ერს, რომ გააკეთოს არასწორი არჩევანი". თქვა 17 სექტემბერს ქადაგებისას მეუფე პეტრემ ამბიონიდან.

ამავე ორგანიზაციის ცნობით, პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ მოსაზრებების ამ ფორმით გამოხატვით დაირღვა წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის კანონით დადგენილი წესი, რომლის თანახმად რელიგიურ ორგანიზაციებს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ.

გარდა ამისა, ამავე ანგარიშში მოხვდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშო ბაღის გახსნაზე დაფიქსირებული შემთხვევა, როდესაც ბაღის შესასვლელში „ქართული ოცნების“ დროშა ეკიდა, საზეიმო ტორტზე კი ეწერა „ქართული ოცნება“. „სამართლიანი არჩევნები“ ფაქტს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად აფასებს.

გარდა ამისა, საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტად აქვს მითითებული ორგანიზაციას პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე მაია კალანდიას მიერ კანდიდატის სიტყვის გაწყვეტა შეძახილებით, თავის მხრივ კი, დარბაზში მყოფები კალანდიას შეძახილებს ტაშით ფარავდნენ.

ამავე შეხვედრაზე, „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს დათა აქუბარდიას, საქმიანობის წარმართვაში შეეშალა ხელი. კვლევაში აღნიშნულია, რომ, თავდაპირველად მას დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, შემდეგ კი მას ხელი კრეს, რის შემდეგაც წაიქცა.

ანგარიშში აისახა ზუგდიდის მერის მოადგილის მაიზერ ნანავას მიერ სამუშაო საათებში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ვიდეოს გაზიარება სოციალურ ქსელში, რაც სააგიტაციო წესების დარღვევად შეფასდა.

ორგანიზაციის ანგარიშში ასევე მოხვდა ჩხოროწყუსა და ცაიშში „ძალა ერთობაშიასა“ და „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატების ჩამოხევის ფაქტები და მარტვილში, საოლქო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირებული სხვადასხვა დარღვევა.

ამავე თემაზე:

კირცხში ბაღის დირექტორს „ქართული ოცნების“ დროშებისა და ტორტის გამო საყვედური მისცეს

კალანდია ზურაბიშვილს: თქვენ ხართ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი (ვიდეო)

ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე მედიის შესვლა შეფერხდა

Print