სამართალი
ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი წარედგინა
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გახსნილია ტელეკომპანია "იბერიას" დახურვისა და მისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ,რომ  „2007 წლის 12 სექტემბერს, ზურაბ ადეიშვილის მითითებით დიმიტრი ქიტოშვილმა ტელეკომპანიის ლიცენზია საკუთარი მეგობრის ბიძინა ნიჟარაძისგან ფიქტიური ხელშეკრულებით ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებულ პირზე იოსებ მგელაძეზე გადააფორმა, რომელმაც თავის მხრივ 2012 წლის 21 თებერვალს იგი შპს ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპ’’-ს გადასცა და ლიცენზია კვლავ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის გიორგი არველაძის ხელში აღმოჩნდა.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ომეგა ჯგუფის“ მფლობელებმა შეასრულეს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის მოთხოვნა, მთავრობის დადგენილებით მოხდა „ომეგა ჯგუფის“ გადასახადების რესტრუქტურიზაცია და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმაც დატოვეს „ომეგა ჯგუფის“ ტერიტორია.
ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის იძულებით დათმობას კი შედეგად მოჰყვა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ,,ომეგა ჯგუფის“ კომპანიებში სამართალდამცავების მხრიდან კომპანიის ქონების დაზიანების და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, რის შედეგების შესახებაც პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების დასრულებისთანავე მიაწვდის.

Print