სუს: "სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით 50-მდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება"
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშში, რომელიც
განსახილველად პარლამენტს წარედგინა, ნათქვამია,
რომ სირიასა და ერაყში დღეის მონაცემებით,ტერორისტული მიზნებით 50-მდე
საქართველოს მოქალაქე იმყოფება.
"საქართველოს მოქალაქეების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის
გამგზავრების პრევენციის მიზნით, საანგარიშო პერიოდში მუდმივად
ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები. გამგზავრების შესახებ წინასწარი
ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, უსაფრთხოების სამსახური იღებდა
შესაბამის ზომებს (მათ შორისაა "პროფილაქტიკური საუბრები"). სუს-სა და
პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის მუდმივად ხდებოდა
ინფორმაციის გაცვლა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ან
კავშირში მყოფ პირებზე, ასევე ტრანზიტულად გადაადგილების მსურველებზე.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სასაზღვრო კონტროლზე დაყენებულ
იქნა რამდენიმე ასეული პირი. მთლიანობაში, კონტრტერორისტული
მიმართულებით, შსს-სთან თანამშრომლობით, საქართველოს სასაზღვრო
კონტროლზე აყვანილ იქნა 1286 პირი, ხოლო 1014-ს აეკრძალა საქართველოში
შემოსვლა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღკვეთილია საქართველოს
მოქალაქეთა კონფლიქტის ზონაში გამგზავრების მცდელობის 40 ფაქტი.
ტერორისტული საქმიანობისთვის ქვეყნიდან გამგზავრებისა და შემოსვლის
პრევენციის მიზნით, შსს-სთან თანამშრომლობით სათანადოდ ხორციელდება
სასაზღვრო კონტროლი. ხდება ვიზიტორებთან გასაუბრება. ყველა
სასაზღვრო-გამტარი პუნქტი აღჭურვილია ბირთვული და რადიოაქტიური
მასალების/ნივთიერებების დეტექტორებით. პერმანენტულ რეჟიმში
ხორციელდება საზღვრის მართვაში ჩართული უწყებების თანამშრომელთა
ტრენინგი, მათ შორის ყალბი სამგზავრო დოკუმენტების აღმოჩენის
სფეროში", - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.
ანგარიშს დღეს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე
მოისმენენ.
მასალის გამოყენების პირობები