სპორტი
საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულებს გუბერნატორი შეხვდა
კარატეს საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულ სამეგრელოს გუნდს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი შეხვდა. ლევან შონიამ გამარჯვებულებს მიულოცა და წარმატებები უსურა.

"რეგიონში დაწყებულია სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ჩვენ ვიწყებთ სპორტის სასახლეების მშენებლობებს მუნიციპალიტეტებში, უახლოეს დროში ეს პროცესი იწყება ხობში,“ - განაცხადა სპორტსმენებთან შეხვედრაზე მან.

შეხვედრას, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ყურაშვილი, ტურნირის გამარჯვებულები და მათი მწვრთნელები ესწრებოდნენ.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ყურაშვილმა ტურნირის მხარდაჭერისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს მადლობა გადაუხადა და სიგელი გადასცა. კარატეს ფედერაციამ კი ლევან შონიას მესამე დანი მიანიჭა.

საერთშორისო ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. მასში მონაწილეობა ჩეხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის ყაზახეთის, ირანის სომხეთის, რუსეთის და საქართველოს გუნდებმა მიიღეს.

გუნდური შეჯიბრებები ორ ასაკობრივ ჯგუფში 8-დან 13 წლამდე და 14-დან 18 წლამდე გაიმართა.

Print