კორონავირუსი
„დაუთმე სხვას“ - ზუგდიდელი დედა-შვილი ბაღიდან მიღებულ ულუფას სხვას უთმობს
ზუგდიდის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები გაცდენილი დღეების საკვებ პროდუქტს სახლში მიიღებენ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მარტოხელა დედა ლორა ქობალია და მისი 6 წლის შვილი ნიკოლოზ ძაძამია ეხმაურებიან. დედა-შვილის გადაწყვეტილებით, ისინი საკუთარ ულუფას სხვა მარტოხელა დედებს და მათ შვილებს უთმობენ.

„ვიღებთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ჩვენს წილ ულუფას ვუთმობთ, მარტოხელა დედებს #13 საბავშვო ბაღში. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ თქვენ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა ეს პერიოდი საკუთარი ფინანსური რესურსით გაიაროთ შემოგვიერთდებით. ერთად უფრო მეტს გავცემთ ვიდრე ეს წარმოგვიდგენია. ახლა ყველაზე მეტად ერთად დგომა, ერთმანეთზე ზრუნვა და მაღალი პასუხისმგებლობა გვჭირდება“, - ამბობს ლორა ქობალია.

მის იდეას სხვა დედები უკვე შეუერთდნენ.

ზუგდიდში სახელმწიფო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას 25 მარტიდან შეძლებენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სულ 4172 აღსაზრდელი ირიცხება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.


Print