კორონავირუსი
მთავრობამ სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ის ფერმერები, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე მიწებს დაირეგისტრირებენ, სახელმწიფო დახმარებებით და შეღავათებით ისარგებლებენ. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში ნებისმიერი სახის მიწა სრულად იქნება რეგისტრირებული და აღრიცხული.

„ძალზედ მნიშვნელოვანი და სისტემური მომენტი, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოფლის მეურნეობის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად განგვეხილა ეს გახლავთ მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძება, რომლის წარმატებაშიც დარწმუნებული ვართ. უკვე გამოყოფილი გვაქვს დაფინანსება ამ ღონისძიებისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში სრულად იქნება რეგისტრირებული და აღრიცხული ნებისმიერი სახის მიწა“, - აღნიშნა პრემიერმა.
გარდა ამისა, მთავრობის მეთაურის თქმით, ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.

„თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც გააჩნიათ მაგალითად, 10 ჰექტარი მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას 2000 ლარის ოდენობით. ეს რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები,“- განმარტა მან.

გახარიას თქმით, სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არცერთი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი.
Print