აქტუალური თემები
დაშავებული გოგონა ეროვნული დროშით - გაგრიდან დევნილი მხატვრის პროტესტი
გაგრიდან დევნილმა მხატვარმა, ნიუ-იორკში მცხოვრებმა ხატია ესართიამ კიკინებიანი გოგონა დახატა, რომელსაც ერთი თვალი არ აქვს, ხელი და ფეხი მოტეხილი აქვს, შუა თითი აქვს აწეული და ხელში საქართველოს დროშა უჭირავს. ნახატი სოციალურ ქსელში 20 ივნისის აქციის ერთ-ერთი სიმბოლო და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფოტოა.

ხატია ესართია, რომელიც, წლებია, ამერიკაში ცხოვრობს, ამბობს, რომ ქართველების პროტესტს უერთდება.

„მინდოდა, სოლიდარობა გამომეხატა ყველა ადამიანის მიმართ, ვინც გამოვიდა და გამოდის საპროტესტოდ. საქართველოს არის პატარა, მაგრამ სული აქვს დიდი, ბრძოლა იცის და არ ავიწყდება. ნაცემია, მაგრამ დაუმარცხებელი. მე გაგრიდან ვარ და ამ პერსონაჟს მივეცი უფლება, თითი უჩვენოს რუსეთს და სუყველას, ვისაც ეგონა, რომ დაგვაჩმორეს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ესართიამ.

ხატია ესართია მოსკოვში დაბადებული და გაზრდილია, თუმცა აფხაზეთის ომის დაწყების დროს გაგრაში, ბებია-ბაბუასთან იმყოფებოდა. მან კარგად იცის რას ნიშნავს იყო დევნილი და იცხოვრო სხის ქვეყანაში.

20 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის ძალის გამოყენებით დაშლისას, ასობით ადამიანი რეზინის ტყვიითა და ცრემლსადენი გაზით დაშავდა. მათგან ორს, მათ შორის, 18 წლის გოგონას, თვალის ამოღება დასჭირდა.


Print