საფეხბურთო კლუბი გორის "დილა" ევროპის ლიგის "ფლეი ოფში" ითამაშებს. თემურ შალამბერიძის გუნდი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "ანორთოსისს" დაუპირისპირდა.
ანგარიშის გახსნა გორელებმა მატჩის 52-ე წუთზე მათე ვაწაძის გოლით მოახერხეს. 76-ე წუთზე ლაშა სალუქვაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. ზუსტად 2 წუთში მატჩის მთავარმა მსაჯმა მოედნიდან უხეშობისთვის "ანორთოსისის" ფეხბურთელი ლაბანი გააძევა, რითაც გორის "დილამ" ისარგებლა და 81-ე წუთზე ვაწაძის დუბლის წყალობით სხვაობა 3 ბურთამდე გაზარდა.
ამის შემდეგ შედეგით უკმაყოფილო გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა, ამიტომ მატჩის გაგრძელება 84-ე წუთიდან შეუძლებელი გახდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა "უეფას" კომისართან ერთად მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ჯერჯერობით უცნობია, რა სანქციას დაუწესებს "უეფა" კვიპროსულ გუნდს, ამის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გორის "დილა" კი ევროპის ლიგის "ფლეი ოფში" იასპარეზებს.
კვიპროსიდან გამარჯვებით დაბრუნებულ გორის "დილას" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივარი დახვდა. ქომაგები საყვარელ გუნდს გამარჯვებას ულოცავდნენ და ფეხბურთელების თამაშით აღფრთოვანებას გამოთქვამდნენ.
დღესვე გახდება ცნობილი ვინ იქნება ქართული გუნდის მომდევნო მეტოქე ევროპულ სარბიელზე. კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები