Error
ახალი ამბები
არჩევნების პერიოდში რადიოსაშუალებები ყველაზე მეტი მიუკერძოებულობით გამოირჩეოდნენ
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგების თანახმად, რადიოსაშუალებები ყველაზე მეტი ნეიტრალურობითა და მიუკერძოებულობით გამოირჩეოდნენ.
როგორც სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრეზენტაციაზე კვლევის ავტორებმა განაცხადეს, შემთხვევათა უმეტესობაში ეს გამოწვეული იყო იმით, რომ რადიოში საინფორმაციო გამოშვებები საკმაოდ მოკლეა და სააგენტოების მიერ მიწოდებულ ფაქტობრივ ინფორმაციას ეყრდნობა. შესაბამისად, ახალი ამბები ძირითადად ფაქტებზეა დაფუძნებული. რაც შეეხება ონლაინ მედიასაშუალებებს, მკვლევარების განმარტებით, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ახალი ამბების გაშუქება ძირითადად ფაქტებს ეფუძნებოდა, ხოლო მეტი სივრცე დაეთმო ოპოზიციური პარტიების გაშუქებას. პრესამ კი არჩევნების გაშუქებას დაახლოებით 50 პროცენტი დაუთმო და ტელევიზიებთან შედარებით, ბეჭდური მედია პრეზიდენტს ძირითადად უარყოფითად აშუქებდა. ცალკეულ გაზეთებში მკვლევარებმა ჟურნალისტების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევებიც შენიშნეს. რაც შეეხება სატელევიზიო არხებს, მკვლევარების ინფორმაციით, სატელევიზიო პროგრამების მრავალფეროვნებამ, ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი პირობები შექმნა.
"მედიამონიტორინგზე ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. საარჩევნო სტანდარტების დონის გასაუმჯობესებლად ევროკავშირმა ხუთი პროექტი განახორციელა. ვფიქრობ, იქნება ბევრი კრიტიკული შეფასება, რაც ნორმალურია. ჩვენ საბოლოო ჯამში უნდა გავზომოთ ჩვენი მიღწევები საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით. ეს სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან საქმე, რომელსაც მედია აკეთებს, მუდამ ფასდება. მოსახლეობა ჩვენგან ყოველთვის ითხოვს უკეთესს. მჯერა, რომ ამგვარი პროექტები ხელს შეუწყობს ქართული მედიის განვითარებას და თანდათან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება", - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა. ქართული ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალებების რაოდენობრივი და თვისობრივი მონიტორინგი 2013 წლის ბოლომდე გაგრძელდება. მონიტორინგს ახორციელებენ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი "ინტერნიუსი საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი".
Print