დიდი პარასკევი, იგივე წითელი პარასკევი, ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როდესაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს. ამ დღეს, ყვალა მართლმადიდებელი ქრისტიანის ოჯახში კვერცხები წითლად იღებება, რადგან სწორედ ამ დღეს აცვეს უფალი ჯვარს.
იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა იუდას შემწეობით შეიპყრეს მაცხოვარი და წარუდგინეს ურიასტანის მმართველს პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა ითხოვეს. იესო გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და ერთი დასასჯელის გათავისუფლება შეიძლებოდა. ხალხმა ბარაბას გათავისუფლება ითხოვა. პილატე არ იყო დარწმუნებული ქრისტეს დანაშაულში, მაგრამ ხალხის შფოთს მოერიდა, ტაშტი მოატანინა, ხელები დაიბანა და თქვა: - ამ საქმეში მე უბრალო ვარო. ამის შემდეგ, ხალხის მოთხოვნით, ქრისტე ჯვარს აცვეს.
წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
მასალის გამოყენების პირობები