ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს რეკომენდაციები 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი საჯარო განხილვა გაიმართა. მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულოს საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ფარცვანიამ წარმოადგინა. ბიუჯეტის საჯარო განხილვას მოქალაქეები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ფარცვანიამ მერიის სამსახურებს საკრებოლოსა და სამოქალაქო სექტორის შენიშვნები და რეკომენდაციები გააცნო. კერძოდ, საჯარო სკლოლების ფინანსური ხელშეწყობის გაზრდა, ქუჩების ნუმერაციის პრობლემების მოგვარება, თეატრის დაფინანსების ზრდა, ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებული ბავშვთა საკვებით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება, მარტოხელა მოხუცთა თავშესაფრის მშენებელობის დაფინანსება, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, მაწანწალა ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა და სხვ. ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მერია გაითვალისწინებს ყველა იმ შენიშვნას და რეკომენდაციას, რის საშუალებასაც ბიუჯეტი მისცემს. იმას, თუ რას გაიზიარებს მერია  მომავალი წლის ბიუჯეტში, უახლოესი ათი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. 2016 წლის ბიუჯეტი 18 597 200 ლარით განისაზღვრა. აქედან, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები 5 281 200 ლარით დაფინანსდა. თავდაცვა - 221 000 ლარით, ინფრასტრუქტურის განვითარების მუხლი - 5 365 000 ლარით. განათლება - 2 155 000 ლარი, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები - 4 164 000 ლარი, მოსახლეობის ჯანდაცვა და უზრუნველყოფა - 1 211 000 ლარი.
Print