ახალი ამბები
ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, "რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის ურთიერთთანამშრომლობა ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში ვითარდება".

ამის შესახებ პრეზიდენტმა პუტინმა მოსკოვში დე ფაქტო ფახაზეთის პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელზეც, აფხაზური მედიის ინფორმაციით, "ორმხრივი თანამშრომლობის" შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

თავის მხრივ, მოსკოვში ვიზიტად მყოფმა რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ "ლიდერების ბოლო შეხვედრიდან ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, სოციალური ხასიათის საკითხები".

"დღეს უკვე ფაქტიურად დაიწყო აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის პენსიების მომატების პროცესი. არის კიდევ შესაბამისი სამუშაოები იმ ნაწილში, რომელიც კულტურის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა ორგანოების ურთიერთქმედებას ეხება ", - აღნიშნა დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა.
Print