ახალი ამბები
მერაბ ქვარაია: "ენმ" ცდილობს ხმაურით და ცილისწამებით ყურადღება მიიქციოს (ვიდეო)

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანი წითლიძემ ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ტენდერების ლობირებაში დაადანაშაულა.

ამის შესახებ დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეჭვს იწვევს ის ფაქტი რომ, გამოცხადებულ ტენდერებში თანამდებობის პირების ოჯახის წევრებისა და მათი ნათესავების მონაწილეობა საკრებულოს მხრიდან რეაგირების გარეშე რჩება.

„ფრაქციამ დაასრულა მოკვლევა ტენდერებთან დაკავშირებით,ჩვენ გამოვიკვლიეთ მერიის ტენდერები 2014 წლიდან , შესაბამისად მივიღეთ საინტერესო სურათი.
ღიად ვაცხადებ და პასუხისმგებელი ვარ რომ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იგებენ კონკერეტული ადამიანები. დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ტენდერში მოგებული აქვს საკრებულოს წევრის ნათია ფიფიას მამა ელდარ ფიფიას, მისი პარტნიორია სოსო გოგოხია, რომელიც არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ირაკლი გოგოხიას მოადგილის კობა ჯიქიას სიმამრს, თემურ ჯანაშიას 2014 წლიდან მოგებული აქვს დაახლოებით 15 ტენდერი. შპს „ზუგდიდმშენსერვისში“ მთავარი ინჟინერი არის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ეკა თოდუას მამა. ასევე არსებულ ტენდერებში იგებს ძმები წირღვავების კომპანია, წირღვავები კი, ვიცე-მერის გია გულორდავას უახლოესი მეგობრები არიან. ცნობილია, რომ მერია ქვაფენილებს იძენს შპს „ლეგისგან“, რომლის წარმომადგენელი არის ირაკლი გოგოხიას ძმა პაატა გოგოხია. თუ საკრებულოს თავმჯდომარემ არ იცის რა ხდება, ეს მისთვის უარესია, ან თუ იცის და ხელს აფარებს, მაშინ ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თვითონ ქვარაია არის კორუფციულ გარიგებებში გარეული“ - განაცხადა ანი წითლიძემ.

წითლიძის ბრალდებებს საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ცილისწამებები არ უკვირს, რადგან არჩევნები ახლოვდება.

„ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ხმაურით და ცილისწამებით მიიქციოს ყურადღება და ხელი შეუშალოს საკრებულოს მუშაობას“ - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

მან ასევე აღნიშნა რომ, თითოეულ ბრალდებაზე პასუხი იყო დასაბუთებული და ოპონენტს ურჩია არგუმენტირებული ფაქტებით მაკონტროლებელი ორგანოებისთვის მიემართა.

Print