ახალი ამბები
2017 წელი გერმანიისა და საქართველოს მეგობრობის წლად გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში მოიწვია. ამის შესახებ მან ბერლინში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ჩვენ ერთად ვემზადებით 2017 წელს, საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღსანიშნავად. ამ მხრივ მრავალ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მოვიწვიო გერმანიის ფედერაციული კანცლერი საქართველოში, რათა ჩვენთან ერთად აღნიშნოს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელი,” - აღნიშნა მან.

შეხვედრისას მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა და ანგელა მერკელმა ასევე იმსჯელეს საქართველოსა და გერმანიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე.

Print