ახალი ამბები
"ენმ" ადგილობრივ თვითმმართველობას მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს (ვიდეო)


ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თენგიზ გუნავა

ადგილობრივი მთავრობის მხრიდან მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. საქმე ეხება სოფელ ნაცატუს საბავშვო ბაღის დირექტორის გათავისუფლებას, რომლის მეუღლეც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო.

"ენმ" ამ ფაქტს პოლიტიკურად მოტივირებულ,უმსგავსო საქციელად აფასებს.

თენგიზ გუნავას განმარტებით, კორცხელში პარტიის გამარჯვების შემდეგ ზეწოლებს აქვს ადგილი. მისი თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, ნაცატუს ბაღის დირექტორი ირმა ნაჭყებია პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იმყოფებოდა ბაღის ყოფილი დირექტორი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ კორცხელის შუალედური არჩევნების ჩატარებამდე ზუგდიდის სკოლამდელ- სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორმა ციცო თოლორაიამ ის დაიბარა და უთხრა, რომ მის ქმარს ოპოზიციურ პარტიასთან არ უნდა ეთანამშრომლა,წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი მას სამსახურს დაატოვებინებდნენ.

ბრალდებაზე კომენტარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ გააკეთა. მისი თქმით, გამგეობას არცერთი თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით არ გაუთავისუფლებია, ნაცატუს საბავშვი ბაღის გამგის დათხოვნა კი შიდა აუდიტის დასკვნის დადების მერე მოხდა. მათი კვლევის თანახმად, საკვები პროდუქტი დაზიანებული იყო მღრღნელების მიერ.

თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პირველად მედია საშუალებებიდან გაიგეს და მის გათავისუფლებასთან ლევან შონიას  კავშირს უარყოფენ.


 

Print