ახალი ამბები
სენაკში ახალი ქარხნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა (ვიდეო)

სენაკში ქართულ-ჩინური საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, 120 მილიონი დოლარის ღირებულების ცემენტის ქარხანა აშენდება. მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მან პროექტის წარმატებით განხორციელების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ სენაკში ფუნქციონირებას მალე დაიწყებს სრულიად თანამედროვე საწარმო, რომელიც თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

“ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ჩინეთსა და საქართველოს შორის პარტნიორობის. ჩვენ მივესალმებით ჩინეთის მხრიდან ინვესტორებს. ეს არის ასევე საქართველოს მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, რომელსაც არაერთი საწარმო გაუკეთებია აქამდე და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან აქვს მაქსიმალური ხელშეწყობა ამ პროექტში ,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მშენებლობის დასრულების შემდეგ ქარხანა წლიურად 900 ათას ტონა კლინკერის ცემენტს და 1.5 მილიონ ტონა მაღალი ხარისხის ცემენტს გამოიმუშავებს, სადაც 500-მდე ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.


Print