ახალი ამბები
შეუმოწმებელი ავტომობილების მძღოლები დაჯარიმდებიან
საქართველოში გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება დაიწყო. ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით 60 ლარი ეღირება და მას ჯერჯერობით ორი კომპანია შპს „აირბალონი“ და შპს „გაზინჟინერი“ განახორციელებს. ხოლო მძღოლები, რომლებიც შეუმოწმებელი ავტომობილებით იმოძრავებენ, 100 ლარით დაჯარიმდებიან. ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის პაატა გოგოლაძის განცხადებით, შემოწმების პროცესი უკვე დაიწყო.

„გაზზე მომუშავე მანქანების ინსპექტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენს. აირბალონის გამო შეიძლება ადამიანის სიცოცხლესაც ზიანი მიადგეს და ჯანმრთელობასაც“,-აღნიშნა მან.

ავტომობილების შემოწმების   აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი თქმით, თავის დროზე ტექნიკური დათვალიერების სრულად გაუქმება შეცდომა იყო და ახლა მთავრობას აქვს გეგმა, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანიები და ტექდათვალიერების ახალი სისტემა დანერგოს. ჯერჯერობით კი, გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებას უნდა დავჯერდეთ.

2004 წლიდან საქართველოში სატრანსპორტო საშუალებებზე არანაირი კონტროლი არ განხორციელებულა.

Print