ახალი ამბები
მარტვილის თხუთმეტამდე სოფელი სტიქიამ დააზარალა (ვიდეო)


ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელი დააზარალა.


დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ თამაკონსა და აბედათში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო, რის გამოც 180-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დაზიანებულია სოფლის შიდა გზები, დახოცილია შინაური ფრინველები. აღნიშნულთან დაკავშირებით მარტვილის გამგეობაში გვიან ღამით საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია უძღვებოდა.

"პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ხიდების აღდგენა, რათა მოსახლეობას არ შეექმნას გადადილების პრობლემა. ხვალვე დავიწყებთ შიდა გზების რეაბილიტაციას, ზარალის დათვლა გაგრძელდება და დეტალურად აღიწერება ყველა ნიუანსი. მე დღეს პირადად ვნახე ადამიანები, რომლებიც ამ სტიქიამ დააზარალა, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ამ ადამიანებს ჩვენი თანადგომა სჭირდებათ" - განაცხადა გუბერნატორმა.

საგანგებო შტაბში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სამართალდამცავები, სამაშველო სამსახურის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია უკვე ითვლის.


 

Print