ახალი ამბები
რა თანხა დაიხარჯა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ანგარიში 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მასში ასახულია მაჟორიტარი დეპუტატების მიერ საპარლამენტო საქმიანობის მონოტორინგის შედეგები.

2013-2015 წლებში, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობაზე 12 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

331 კანონპროექტი, რომელიც საანგარიშო პერიოდში მაჟორიტარმა დეპუტატებმა წარადგინეს, მხოლოდ 36 დეპუტატზე ნაწილდება. მათ შორის ყველაზე მეტი - 41 წარდგენილი აქვს დავით ონოფრიშვილს, მეორე ადგილზეა ვახტანგ ხმალაძე 33 წარდგენილი კანონპროექტით, მესამე ადგილზე კი - თამარ კორძაია 22 კანონპროექტით.

ანგარიშის მიხედვით, მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომებზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულა. 10-ჯერ და უფრო ნაკლებად, სიტყვით გამოვიდა მაჟორიტარი დეპუტატების 30%, ხოლო 100-ჯერ და უფრო მეტჯერ პარლამენტის ტრიბუნით მაჟორიტარების 17%-მა ისარგებლა.

Print